Friday, June 8, 2012

მეხსიერებისათვის მნიშვნელოვანია ძილის უწყვეტობა და არა მისი ხანგრძლივობა


თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ძილის დარღვევა ზემოქმედებას ახდენს მოგონებების ნორმალურ წყობაზე. ცხოველებს ძილის რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში უძნელდებოდათ მათთვის ნაცნობი საგნების ამოცნობა. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ მეცნიერები სტენფორდის უნივერსიტეტიდან პრობლემებს, რომლებიც გააჩნიათ ადამიანებს ალცჰეიმერის დაავადებისა და ძილის აპნოეს შემთხვევაში, იუწყება BBC.
ცნობილია: ძილის დროს ტვინი აფასებს დღის განმავლობაში მომხდარს და არჩევს, თუ რომელი მოგონება უნდა დარჩეს მეხსიერებაში. მიმდინარე კვლევის დროს მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს არა შემოკლებულ ძილზე, არამედ ფრაგმენტირებულ ძილზე. მათ გამოიყენეს ოპტოგენეტიკა, რომელიც გვთავაზობს იმ უჯრედების გენეტიკურ გამოყვანას, რომლებიც შეიძლება ვაკონტროლოთ სინათლის მეშვეობით. მათი ინტერესის საგანი გახდა ტვინის უჯრედები, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ძილის რეჟიმიდან ღვიძილის რეჟიმზე გადართვაში.
მკვლევარები სინათლის სხივის იმპულსებს აგზავნიდნენ თაგვების თავის ტვინში, სანამ მათ ეძინათ. ამრიგად, ისინი არღვევდნენ მათ ძილს, მაგრამ მთლიანობაში არ ახდენდნენ ზემოქმედებას ძილის ხანგრძლივობაზე, ხარისხზე და სტრუქტურაზე. ამის შემდეგ მათ ათავსებდნენ კოლოფში, რომელშიც მოთავსებული იყო ორი საგანი: ერთი ნაცნობი, მეორე - უცნობი. ჩვეულებრივ, თაგვები მეტ დროს ხარჯავდნენ ახალი საგნის შესწავლაზე. ასე ხდებოდა მაშინ, როდესაც მათ ნორმალურად ეძინათ. სინათლის ზემოქმედების შემდეგ თაგვები ერთნაირ დროს უთმობდნენ ორივე საგნის შესწავლას, ე.ი. მათი მეხსიერება დაირღვა.
კვლევის ავტორი დოქტორი ლუი დე ელეცეა ასეთ კომენტარს აკეთებს: ” ძილის უწყვეტობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია და მნიშვნელოვანია მრავალი პათოლოგიური მდგომარეობის თვალსაზრისით, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ მეხსიერებაზე. პლიუს, დარღვეული ძილი ასევე მოქმედებს ალკოჰოლიკებზე და ძილის აპნოეს მქონე პირებზე. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ზოგადად ძილის ხანგრძლივობის გარდა, მეტად მნიშვნელოვანია უწყვეტი ძილის ხანგრძლივობა, განსაკუთრებით მეხსიერების კონსოლიდაციის თვალსაზრისით”.

No comments:

Post a Comment