Thursday, May 17, 2012

ძილი და სტრესი

ძილი და ღვიძილი იმდენად მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობა სიფხიზლეში დამოკიდებულია წინამორბედ ძილზე და პირიქით. ძილი ძალიან მგრძნობიარეა სხვადასხვა შინაგანი და გარეგანი გამღიზიანებლების მიმართ, რომლებიც ღვიძილის დროს მუდმივად მოქმედებენ ორგანიზმზე. იმ გამღიზიანებლებს შორის, რომლებიც გავლენას ახდენენ ძილ-ღვიძილის ციკლზე, აღსანიშნავია სხვადასხვა სახის სტრესოგენური ფაქტორები. ტერმინი ,,სტრესი” ბიოლოგიაში 1936 წელს შემოიტანა კანადელმა მეცნიერმა ჰანს სელიემ [Селъе, 1982; იხ. ნანეიშვილი, 2003]. ეს ტერმინი გეოლოგიიდან არის აღებული და დედამიწის პლასტებს შორის დაძაბულობას გამოხატავს, ხოლო ბიოლოგიაში და მედიცინაში შეესაბამება ორგანიზმის დაძაბულობას და სტრესულ მდგომარეობას. ხშირად სტრესულ მდგომარეობას არაკორექტულად აფასებენ და მას ორგანიზმისათვის საზიანო მოვლენად თვლიან. სელიეს მიხედვით კი _ სტრესი წარმოადგენს ორგანიზმის არასპეციფიკურ რეაქციას გარეგან გამღიზიანებელზე. ამგვარად, სტრესი არის ორგანიზმის ადაპტაციური (შეგუებით-თავდაცვითი) ხასიათის რეაქცია.
სტრესის გამომწვევ გამღიზიანებლებს «სტრესფაქტორებს» ანუ «სტრესორებს» უწოდებენ. სტრესფაქტორები შეიძლება იყოს ინფექციის გამომწვევი აგენტები, მკვეთრად გამოკვეთილი სიცივე ან სიცხე, ჰიპოქსია, ნარკოზი, ტრავმები და ყოველგვარი გამღიზიანებელი, მათ შორის «კონფლიქტი», რომლებიც ძლიერ ემოციებს აღძრავს. აღსანიშნავია, რომ ყოველი ინდივიდი ხასიათდება სტრესული . სიტუაციებისადმი შეგუების მისთვის დამახასიათებელი ზღურბლით და მისი თავიდან აცილების შესაძლებლობით [ნანეიშვილი, 2003].
სტრესს თან ახლავს მორფოლოგიური ცვლილებები, ე.წ. სელიეს ტრიადა [Селье, 1960]: 1. თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მნიშვნელოვანი ზრდა. 2. თიმუს-ლიმფური სისტემის მწვავე ინვოლუცია. 3. კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში წყლულის განვითარება.
სელიეს მიხედვით,სტრესის დროს ორგანიზმში ვითარდება სამი თანმიმდევრული სტადია: 1. განგაშის სტადია 2. ადაპტაციის ანუ რეზისტენტობის სტადია 3. განლევა-გამოფიტვის სტადია. სამივე სტადიის განვითარებას განსაზღვრავს ენდოკრინულ სისტემაში მიმდინარე პროცესები, Kკერძოდ, სტრესფაქტორების ზემოქმედება. ლიმბური სისტემიდან ჰიპოთალამუსზე პროეცირებული ქოლინერგული და სეროტონინერგული ნერვული ბოჭკოების აგზნების შედეგად აქტივდება ჰიპოთალამუსის ჰიპოფიზოტროპული ზონის ნეირონები, რის გამოც, ამ უკანასკნელთა ნერვული დაბოლოებებიდან გამოთავისუფლდება კორტიკოტროპინ-რილიზინგ ჰორმონი, რომელიც სისხლის საშუალებით აღწევს ადენოჰიპოფიზამდე. აქ მისი გავლენით ხდება ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის გამოთავისუფლება, რომელიც ასევე სისხლის საშუალებით მოქმედებს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქზე. ამ ტროპული ჰორმონის ზეგავლენით თირკმელზედა ჯირკვლის ქერქიდან გათავისუფლდება კორტიკოიდები (მინერალკორტიკოიდები და გლუკოკორტიკოიდები), ხოლო ტვინოვანი ნივთიერებიდან - ადრენალინი. სტრესის დროს ენდოკრინული სისტემის ეფექტებს თან ერთვის სიმპათიკური ნერვული სისტემის გააქტივება და, აგრეთვე, თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერებიდან ადრენალინის ჭარბი რაოდენობით გამოყოფა. სისხლში ადრენალინის სიჭარბე იწვევს გულისცემის სიხშირის ზრდას (ტაქიკარდია), სუნთქვის გახშირებას, არტერიული წნევის მატებას და ა. შ. აღნიშნული ვეგეტატიური ცვლილებები აღიქმება ადამიანის მიერ და შფოთვას აღძრავს. ემოციური რეაქციები ყოველთვის იწვევს ჰიპოთალამუსის გააქტივებას, რასაც თან სდევს ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის გათავისუფლება და კორტიკოიდების სიჭარბე [იხ. ნანეიშვილი, 2003].
ძილი, ისევე როგორც ღვიძილი,წარმოადგენს თავის ტვინის მოქმედების ორგანიზებულ ფორმას, რომელსაც საფუძვლად უდევს რთული ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმები. ღვიძილი და ძილი ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან მიზეზ-შედეგობრივი კავშირებით [Dement, 1958; Jouvet, 1964; Oniani, 1970]. ამიტომ ნებისმიერი შინაგანი თუ გარეგანი გამღიზიანებელი, რომელიც ორგანიზმში იწვევს სპეციფიკურ თუ არასპეციფიკურ ძვრებს, გავლენას ახდენს ძილ-ღვიძილის ციკლის სტრუქტურასა და დინამიკაზე. ძილ-ღვიძილის ციკლზე მოქმედ ფაქტორთა შორის აღსანიშნავია სხვადასხვა სახის ემოციური და სტრესული რეაქციები, აგრეთვე ფსიქიკური დაავადებები.
სტრესისა და ძილის, კერძოდ კი, პარადოქსული ძილის ურთიერთკავშირზე მიუთითებენ კლინიკური მონაცემები, რომელთა თანახმად, სტრესული ფილმის ნახვას თან სდევს ემოციური სიზმრები, რის საფუძველზეც გამოთქმულია მოსაზრება, ემოციური ღვიძილისა და პარადოქსული ძილის საერთო ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმების თაობაზე [Goodenough, Witkin, 1975]. ამ თვალსაზრისით საინტერესოა აგრეთვე პარადოქსული ძილის დეპრივაციით მიღებული შედეგები, რაც იწვევს ორგანიზმის ადაპტაციური თვისებების გაუარესებას სხვადასხვა გამღიზიანებლის საპასუხოდ [Greenberg et al., 1972]. შეისწავლიდა რა ძილ-ღვიძილის ციკლს ენდოგენური დეპრესიით დაავადებულ ადამიანებში, ვოგელი [Vogel, 1973] მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დეპრესიის ეს სახე გამოწვეული იყო ჰიპერემოციური სიზმრებით, რასაც თან მოჰყვებოდა ღვიძილში დეპრესიული მდგომარეობა. ამიტომ ვოგელი ამ ავადმყოფებს მედიკამენტოზურად უწვევდა პარადოქსული ძილის დეპრივაციას, რის შედეგადაც ხდებოდა ღვიძილის გაუმჯობესება.
ძილსა და სტრესს შორის ურთიერთკავშირის შესწავლისას მიღებულია ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემები. ავტორთა ერთი ჯგუფის აზრით, ემოციები და სტრესები უპირატესად უნდა მოქმედებდნენ პარადოქსულ ძილზე, რაც გამოიხატება მის გაზრდასა ან შემცირებაში [Латаш 1975, Аршавский, Ротенберг 1978].
იაპონელი მეცნიერი კავაკამი [Kawakami et al., 1965] ბოცვრებზე შეისწავლიდა იმობილიზაციური სტრესის და უძილობის გავლენას ძილ-ღვიძილის ციკლზე. ნაჩვენები იქნა, რომ 6 საათიანი სტრესი იწვევს შერჩევით პარადოქსული ძილის ბლოკირებას, მაშინ როცა 12 და 24 საათიანი უძილობის შემდეგ პძ იზრდება. ამის მიზეზად ავტორები თვლიან სტრესული მექანიზმის ჩართვას, კერძოდ კი, ადენოკორტიკოჰორმონის გამოყოფას. მაგრამ ზედიზედ 6 დღის განმავლობაში იგივე იმობილიზაცია აღარ იწვევს პარადოქსული ძილის  ბლოკირებას და თანდათან ხდება მისი აღდგენა ნორმამდე. ამ მოვლენას ავტორები ხსნიან ორგანიზმის ადაპტაციით სტრესის მიმართ.
ამგვარად, ძილსა და სტრესს შორის ურთიერთობის შესწავლისას ირკვევა, რომ მიღებული შედეგები არაერთგვაროვანია და დამოკიდებულია სტრესის სახეობასა და კვლევის ობიექტზე.

No comments:

Post a Comment