Sunday, May 27, 2012

კარლ გუსტავ იუნგი ,,ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები" - სიზმრები

ფსიქიკური და ფიზიკური - უცნაურად თანხვდება ერთმანეთს ჩვენ ისინი ორ სხვადასხვა რამედ გვესახება, ვინაიდან ჩვენი სული (გონი) უძლურია, ისინი მოი-
აზროს როგორც ერთი და იგივე რამ. ამ ორთა ასეთი შესაძლო იგივეობის  გამო მოსალოდნელია, რომ ზოგი სიზმარი უფრო ფიზიოლოგიურ მხარეზე მიუთითებდეს, ვიდრე ფსიქოლოგიურზე. ისევე როგორც დანარჩენები შეიძლება უფრო ფსიქოლოგიური მხარისაკენ იხრებოდნენ, ვიდრე ფიზოლოგიურისაკენ. ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების ექიმები სიზმრებს დიაგნოსტიკური მიზნებით იყენებდნენ. მახსოვს კუნთების პროგრესული ატროფიის შემთხვევა ახალგაზრდა ქალთან. დიაგნოზის სისწორე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. მე მას სიზმრები გამოვკითხე; ორი ძალზე ფერადი სიზმარი ჰქნოდა ნანახი. ერთმა კოლეგამ, რომელსაც მცირე რამ ფსიქოლოგიაში გაეგებოდა, აზრი გამოთქვა, ისტერია ხომ არ სჭირსო. მართლაც, სიმპტომები
ისტერიული ხასიათისა ჩანდა და ჯერ კიდევ საკითხავი იყო, ნამდვილად სჭირდა თუ არა კუნთების პროგრესული ატროფია. მაგრამ  სიზმრის საფუძველზე იმ დასკვნამდე მივედი, რომ საქმე ორგანულ დარღვევასთან უნდა გვქონოდა, და საბოლოოდ ჩემი დიაგნოზი დადასტურდა. ორგანული დარღვევა ყოფილა, და სიზმრებიც აშკარად მიუთითებდნენ ორგანულ მდგომარეობაზე. ფსიქიკასა და ცოცხალ სხეულს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულების შესახებ ჩემი წარმოდგენის მიხედვით ეს ასეც უნდა ყოფილიყო; ასე რომ, ძალიან გამიკვირდებოდა.აქ მართლაცდა განსაკუთრებულ გამოცდილებასთან გვაქვს საქმე, რომლის გადმოცემაც ძნელია. ორი სიტყვით ხომ ვერ აგიხსნით, თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე ვმსჯელობ ასეთ სიზმრებზე. ხსენებულ სიზმარში საქმე პატარა მასტოდონტს ეხებოდა. რომ ამეხსნა, რას ნიშნავს ეს მასტოდონტი ორგანული თვალსაზრისით, და რატომ უნდა ჩავთვალოთ ეს
სიზმარი ორგანულ სიმპტომად, ეს დიდ მღელვარებას გამოიწვევდა და საშინელ ობსკურანტიზმს დამწამებდით. ეს ნივთები მართლაცდა სიბნელითაა მოცული. უნდა მესაუბრა მშვინვიერ-სულიერ სამყაროს წამყვანი კანონზომიერების შესახებ, რომელიც ძირეული არქეტიპული ნიმუშებით აზროვნებს. ძირეული არქეტიპული
ნიმუშების შესახებ რომ ვილაპარაკო, ისინი გამიგებენ, ვინც იცის, საქმე რაშიცაა, მაგრამ ვისთვისაც ყოველივე ეს სრულიად უცხოა, იფიქრებს: ,,სულ მთლად შეშლილა ეს კაცი,  - დადგა და ლაპარაკობს მასტოდონტებზე და იმაზე, თუ რითი განსხვავდებიან ისინი გველებისა და ცხენებისაგან”.

No comments:

Post a Comment